ჩვენ შესახებ

თბილისში სტუდია Prana გაიხსნა, რომელიც პიროვნული ზრდის ტრენინგებსა და იოგას სთავაზობს მომხმარებელს. “პრანაში” მიაჩნიათ, რომ ასეთი კომბინაცია ყოველდღიური სტრესისგან თავის დაღწევის კარგი საშუალებაა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და ბალანსის პოვნაშიც დაეხმარება ადამიანს. ჩვენს კითხვებს სტუდიის დამფუძნებელმა და დირექტორმა თეიკო ბოკუჩავამ უპასუხა.
M: რას გულისხმობს პიროვნული ზრდის ცენტრისა და იოგას სტუდიის გაერთიანება და რით იქნება ეს ტანდემი განსხვავებული მომხმარებლისთვის?
ჩვენი ცენტრის მისია, 2 სიტყვით რომ შევაჯამოთ, ასე ჟღერს: „ჩვენს კლიენტებს დავეხმაროთ ტრანსფორმაციის, ბალანსის, ჯანმრთელობის, თვითრეალიზაციის და გრძელვადიანი წარმატების მიღწევაში“. ამ მისიის მისაღწევად, პიროვნული განვითარება და იოგა ეფექტიანად და ჰარმონიულად ეხმარება ერთიმეორეს.

დღევანდელ დღეს, ყველაზე დიდი კაცობრიობის პრობლემაა სტრესი. გარემო ცვლილებებითაა სავსე, ცხოვრების ტემპი საოცრად აჩქარებულია და ჩვენი იმედი, რომ როდესმე შეიძლება ნაკლები საქმე გვქონდეს და შევძლოთ რომ „ამოვისუნთქოთ“ ხშირად, აუსრულებელ ილუზიათ რჩება. სტრესის და მისი ჩვენზე გავლენის შედეგად ვართ გადაღლილები, უენერგიოები, არ გვაქვს იმის ძალა რომ დავკავდეთ ისეთი საქმეებით რაც ჩვენვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია და ასე ავტომატური ნაკადით მიედინება ჩვენი ცხოვრება. იოგა კი (გარდა დაავადებების უზარმაზარი სიისა, რომელზედაც ის სასიკეთოდ მოქმედებს) სასიკეთოდ მოქმედებს ასევე ადამიანის გუნება განწყობილებაზე, ენერგიის დონესა და ტვინზე. იოგას გრძელვადიანი პრაქტიკის შედეგად, ადამიანის ტვინი უფრო რესურსული ხდება და ის ადვილად აღარ ემონება სტრესს, შესაბამისად, მას თვითრეალიზაციის და განვითარების მეტი შანსი ეძლევა. იოგას და პიროვნული განვიტარების ტანდემის ძირითადი მიზანია რომ ადამიანის ჰარმონიისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები შეგვექმნა ამ მიმართულებით რაც შეიძლება მეტი სერვისის შეთავაზებით.


M: რას მოიცავს თქვენი სერვისი?

იოგას მიმართულებით – ჩვენი სტუდია მომხმარებელს სთავაზობს 9 განსხვავებულ პროგრამას რომელიც მიჰყავს 9 პროფესიონალ ინსტრუქტორს. აქ თქვენ შეხვდებით იოგას ბევრ განსხვავებულ სტილს – ჰათჰა, აშთანგა/ვინიასა, კუნდალინი, თერაპიული, იოგა დახარისხებული ელემენტების მიხედვით, ფიტნეს იოგა, სპეციალური სტრეჩინგის პროგრამები ა.შ. ვცდილობთ მაქსიმალური კომფორტი შეუქმნათ მომხმარებელს მაგ. მოხერხებული სავარჯიშო სივრცე, ეკოლოგიური გარემო, იოგას ყოველი სესიის შემდეგ შევთავაზოთ სხვადასხვა ბალახეული ჩაი, სტუდიაში ჩართული გვაქვს ჰიმალიაის მარილის ლამპები, რომელიც ჰაერში ნეგატიურ იონებს გამოყოფს, რაც ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის და განწყობისთვის, ასევე დუფუზორი ლამპები, რომელიც მრავალი დადებითი თერაპიული ეფექტის მქონე ეთერზეთების სურნელს ავრცელებს სტუდიაში. მალე ვგემავთ, რომ თერაპიული მასაჟის სერვისი და საბავშვო იოგაც დავამატოთ. პიროვნული განვითარების მიმართულებით კი – ძირითადად ქცევითი უნარების ტრენინგებს, ყველაფერს, რაც ადამიანის განვითარებას და კეთილდღეობას ეხება: სტრესის მართვა, თანამშრომლების კეთილდღეობის ტრენინგი მენეჯერთათვის, პერსონალური კეთილდღეობის ტრენინგები, ნეირო ლინგვისტური პროგრამირების მინი ვორქშოფები, თიმბილდინგის ღონისძიებები, ლიდერობა, ქოუჩინგი, NLP ქოუჩინგი, სხვადასხვა მასტერკლასები ადამიანის კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის შესახებ, ასევე ადამიანური რესურსების საერთაშორისო სერტიფიცირებისთვის მოსამზადებელი ტრენინგი (PHRi Certification Preparation).


M: ვინ არის თქვენი სამიზნე სეგმენტი, ვის ესაჭიროება თქვენი მომსახურება?

ადამიანებს, ვისაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, ჭარბი წონის პრობლემა, ვისაც აწუხებს ქრონიკული სტრესი, უძილობა და დაღლილობა. ასაკოვან ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვთ, რომ ღრმა სიბერემდე შეინარჩუნონ მხნეობა და ჯანმრთელობა. ადამიანებს ვისაც სურვილი აქვთ რომ განაგრძონ პიროვნული ზრდა და ეძებენ თვითრეალიზაციის გზებს.
ზოგადად ყველა ადამიანს, ვისაც უნდა რომ უფრო ჯანმრთელი, ბედნიერი და თვითრეალიზებული იყოს.
M: პიროვნული განვითარების ტრენინგი და იოგას გაკვეთილები კომბინირებულად ტარდება, თუ ცალ-ცალკე კურსებია?

ტრენინგ კურსები ცალკე ტარდება და იოგას გაკვეთილები ცალკე.

M: რა გამოცდილება და მიღწევები გაქვთ პიროვნული განვითარების მიმართულებით?

პიროვნული განვითარებისა და პრაქტიკული ფსიქოლოგიის თემა ჩემი ყველაზე დიდ ინეტერესის სფეროს წარმოადგენდა ბავშვობიდან მოყოლებული. დაახლოებით 18 წლიანი გამოცდილება მაქვს ტრენინგის და განვითარების სფეროში და ყველაზე დიდი მიღწევა და ჯილდო არის კლიენტებიდან წამოსული უკუკავშირი, როდესაც ადამიანები გეუბნებიან, თუ რამხელა პოზიტიური ცვლილება განიცადა მათმა ცხოვრებამ.

M: ქალაქში საკმაოდ ბევრია იოგას სტუდიაც და ტრენინგ ცენტრიც. როგორ აპირებთ კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას?

მართალი რომ გითხრათ, უპირატესობის მოსაპოვებლად არ ვიბრძვით. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ტრენინგ ცენტრი და ბევრი კარგი იოგას სტუდიაა ქალაქში. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ბაზარზე ამის მოთხოვნილება გაჩნდა, ხალხი უფრო განვითარებაზე ორიენტირებულია და ვარჯიშის და ჯანმრთელობის გაუმჯობესების სურვილი აქვს. ჩვენი განმასხვავებელი კი ის არის, რომ ჩვენ ცენტრში შერწყმულია ფიზიკური და შემეცნებითი პრაქტიკები, რომელიც ადამიანს ჰარმონიული არსებობის საშუალებას აძლევს.